“ტესლა” 2018 წლის იანვარში მარსზე თავის ავტომობილს გაგზავნის

ელონ მასკმა Twitter-ზე დაწერა, რომ 2018 წელს, იგი მარსზე თავის ავტომანქანა red Tesla Roadster-ს გაგზავნის.

მრავალი წყარო ახლა უკვე ადასტურებს, რომ მასკი არ ხუმრობს და სიმართლეს წერს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ, ჟურნალისტებმა მილიარდერს კარგად დასცინეს.

თუ გავითვალისწინებთ მასკის ისტორიასა და მისი რაკეტის შესაძლებლობების შესახებ გავრცელებულ ცნობებს, ნამდვილად გვაქვს კარგი მიზეზი, რათა მას დავუჯეროთ.

2010 წელს, თავის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული ხომალდის, Dragon-ის პირველი გაშვებისას, მასკმა ორბიტაზე ყველის თავი გაუშვა.

მარტში მასკმა განაცხადა, რომ რაკეტა Falcon Heavy-ის პირველი ფრენისას, იგი გეგმავს გაუშვას „ყველაზე სულელური რამ, რაც კი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ“. ეს რაკეტა SpaceX-ის უდიდესი და უახლესი გამშვებია, რომელსაც შეუძლია მარსზე გაგზავნოს 17 000 კგ ტვირთი.

როგორც მასკი ადასტურებს, Falcon Heavy-ს საინაუგურაციო გაშვება 2018 წლის იანვარში მოხდება.

„ეს ტვირთი იქნება ჩემი ავტომობილი midnight cherry Tesla Roadster, რომელშიც ჩართული იქნება დევიდ ბოუის სიმღერა Space Oddity; დანიშნულების ადგილი, რა თქმა უნდა, მარსის ორბიტაა. იგი ღრმა კოსმოსში მილიარდობით წელიწადს დარჩება, თუ არ აფეთქდა“, — დაწერა მასკმა Twitter-ზე.

იმავე საღამოს, მასკმა თავის გეგმები კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსპრომტად გამართული კითხვა-პასუხის სესიისას.

„დაზუსტებისათვის, რაკეტა Falcon Heavy-ს პირველი ტვირთი Tesla-ს ელექტრომობილი იქნება, ჩართული იქნება სიმღერა Space Oddity, მიმართულება კი მარსი“, — წერს მომხმარებელი J.C

„დიახ“, — უპასუხა მასკმა.

„ის 2008 წლის პირველი თაობის Roadster-ი იქნება?“

„დიახ“, — უპასუხა მასკმა სხვა მომხმარებელს.

კიდევ ერთმა მომხმარებელმა მასკს მანქანის ფერის შესახებ ჰკითხა.

„წითელი ავტომობილი წითელი პლანეტისთვის“, — უპასუხა მასკმა.

როგორც ჩანს ამბავს SpaceX-ის თანამშრომლებიც ადასტურებენ. პარასკევს, კომპანიის ინჟინერმა ჯოი დანმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაანონსებულია Falcon Heavy-ის პირველი მარგი ტვირთი.

მისი თქმით, „ეს იქნება საოცრება“; „რა თქმა უნდა, ეს კანონიერია და კამერებიც იქნება“.

თავისი გეგმების შესახებ მასკმა ელექტრონული ფოსტით გამოცემა The Verge-საც დაუდასტურა.

SpaceX-ს გამოცემა Business Insider-იც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში კომენტარისგან თავი შეიკავეს.

Business Insider-ი დაუკავშირდა თავად მასკსაც, მაგრამ პასუხი არ მიუღია. მარსის ორბიტაზე ავტომანქანის გაგზავნასთან დაკავშირებით მასკის გეგმების შესახებ დასმულ კითხვებზე გამოცემას არც NASA-მ უპასუხა.

გავრცელებული ინფორმაციით, გამოცემა Ars Technica-ს მთავარ რედაქტორს კოსმოსის საკითხების მიმართულებით, ერიკ ბერგერს მასკმა უთხრა, რომ „მისია 100 პროცენტით რეალურია“. როგორც მოგვიანებით ბერგერმა Twitter-ზე დაწერა, ამბავი SpaceX-ის ორმა ოფიციალურმა პირმაც დაადასტურა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share