წყალი მარსზე: წითელი პლანეტის ისტორია შეიძლება სრულიად განსხვავებულია

მკვლევრები ჯერ კიდევ ბჭობენ, კვლავ მიედინება თუ არა თხევადი წყლის ნაკადები წითელ პლანეტაზე. 2015 წელს, NASA-მ ყველა გაგვაოგნა, როდესაც თქვა, რომ კი. თუმცა ცოტა ხნის წინ, სრულიად საწინააღმდეგო მოვისმინეთ.

მიუხედავად იმისა, რომ ვერდიქტი ჯერ კიდევ უცნობია, როგორც ახალი კვლევა გვთავაზობს, შეიძლება საჭირო გახდეს მარსზე წყლის ისტორიის შესახებ არსებული ჩვენეული წარმოდგენის ხელახლა გადაწერა — წითელი პლანეტა შესაძლოა იმაზე გაცილებით მეტ წყალს ფლობს, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდით, მაგრამ არა იმ ადგილებში, სადაც ვეძებთ.

ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მილიარდობით წლის წინ მარსი ცხელი, ტენიანი პლანეტა იყო, არის უძველესი ფილოსილიკატები, ანუ თიხები, რომლებიც წითელი პლანეტის ზედაპირზე მრავლადაა მიმოფანტული კლდოვან ფორმაციებში.

ჩვეულებრივ, ბევრი მკვლევრის ვარაუდით, ამ თიხის არსებობა მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ წითელი პლანეტის შორეულ წარსულში, იქ უნდა ყოფილიყო არსებითი ურთიერთქმედება ვულკანურ ქანებსა და ზედაპირის წყალს, მიწისქვეშა წყლებს ან აქტიურ ჰიდროთერმულ სისტემას შორის.

მაგარამ ასე სულაც არ ფიქრობს პლანეტარული გეოლოგი კევინ ქენონი.

ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტის მკვლევრის თქმით, ეს თიხა შეიძლება წარმოქმნილიყო ძალიან განსხვავებული სახის წყლით: პირვანდელი ნაკადულის აუზი, რომელსაც პლანეტის დასაბამში კვებავდა ვულკანური მაგმის ოკეანე.

„მაგმის წარმოქმნის მთავარი რეცეპტია აიღოთ კლდის ქანი და დაუმატოთ ცხელი წყალი. მაგმის ოკეანის მიერ წარმოქმნილ პირვანდელი ატმოსფეროს წყალობით, იმ დროისთვის მარსი ყველაზე ცხელი და ტენიანი უნდა ყოფილიყო“, — ამბობს ქენონი.

ამ ჰიპოთეტური სცენარის მიხედვით, როდესაც ძალიან ახალგაზრდა მზის სისტემაში მარსი წარმოიქმნა, სხვა კლდოვან პლანეტათა მსგავსად, დაფარული უნდა ყოფილიყო გამდნარი მაგმის ოკეანით.

ქენონის და მისი ჯგუფის აზრით, როდესაც გარემო გაცივდა და ოკეანეები გამყარდა, პლანეტის შიგნით არსებული წყალი უნდა ამოსულიყო ზედაპირზე, ატმოსფეროში გაფანტულიყო და წარმოექმნა პლანეტის სქელი, ტენიანი ნისლის საბურველი.

ამ პირველად საუნას ახლად გამყარებული ზედაპირის ქანები უნდა გარდაექმნა ვრცლად გადაჭიმულ თიხად, რომელიც შემდეგ, მილიარდობით წლის განმავლობაში, ვულკანური აქტივობისა და ასტეროიდთა ბომბარდირების შედეგად უნდა გადაადგილებულიყო და დაეტოვა ფილოსილიკატების ის ნარჩენები, რომლებსაც დღეს ვხედავთ წითელი პლანეტის ზედაპირზე.

ჯგუფი კარგად აცნობიერებს იმასაც, რომ ეს სცენარი, რომელიც შთაგონებულია ადრეული მზის სისტემის მაგმის ოკეანეების შესახებ ჩატარებული წინა კვლევებით — მაინც სპეკულაციური რჩება.

მაგრამ ამ მოსაზრებას დამატებით წონას სძენს მკვლევართა მიერ ჩატარებული კომპიუტერული სიმულაციები. ექსპერიმენტის ფარგლებში, მარსის ბაზალტის მსგავსი სიმტკიცის ქანი, ორი კვირის განმავლობაში მოათავსეს ცხელი, მაღალი წნევის ნაკადის აბაზანაში. შედეგად, მნიშვნელოვნად შეიცვალა ნიმუშთა თვისებები.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share