აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე შორეული შავი ხვრელი

მეცნიერებმა უძველესი სამყაროს უიშვიათესი რელიკვია აღმოაჩინეს: ჩვენთვის ცნობილი ყველაზე შორეული სუპერმასიური შავი ხვრელი.

მატერიის მჭამელი ამ მხეცის მასა ჩვენი მზისას 800 მილიონჯერ აღემატება, რაც განსაცვიფრებლად დიდია მისი ახალგაზრდა ასაკისთვის. აღმოჩენის შესახებ მკვლევრები ჟურნალ Nature-ში იუწყებიან.

„დიდი აფეთქების შემდგომ, სულ რაღაც 690 მილიონ წელიწადში, ეს შავი ხვრელი იმაზე დიდი გაზრდილა, ვიდრე ვიფიქრებდით, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩვენს თეორიებს შავ ხვრელთა წარმოქმნის შესახებ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიიდან, დანიელ სტერნი.

პოტენციურ შორეულ ობიექტთა შესასწავლად, ასტრონომებმა შეაჯერეს NASA-ს ფართოველიანი ინფრაწითელი მკვლევრისა (WISE) და მიწისპირა ტელესკოპთა მონაცემები, შემდეგ კი მიმართეს ჩილეში განთავსებული კარნეგის ობსერვატორიის მაგელანის ტელესკოპს.

კარნეგის ასტრონომის, ედუარდო ბანიადოსის ძალისხმევით, WISE-ის მიერ ნაპოვნ ასობით მილიონ ობიექტს შორის მოხდა იმ კანდიდატთა არჩევა, რომელთა კვლევაც შემდეგ მაგელანის ტელესკოპით ღირდა.

ასტრონომთა ვარაუდით, იმისათვის, რათა ადრეულ სამყაროში შავი ხვრელი ასე დიდი გაზრდილიყო, უნდა ყოფილიყო სწრაფი ზრდისთვის შესაფერისი განსაკუთრებული პირობები, თუმცა, ძირითადი მიზეზი მაინც იდუმალებით მოცული რჩება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share